ქართული სულისკვეთება
წმინდა ანთიმოზ ივერიელი (1650 -1716)
ანთიმოზ ივერიელი 1650 წელს მესხეთში, სოფელ უდეში დაიბადა. მშობლებმა იონამ (ივანემ) და მარიამმა მას ანდრია დაარქვეს. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ერისკაცობის დროინდელი ცნობები სამწუხაროდ ძალიან მწირია. 16(სხვა ცნობით 24) წლის ანდრია თურქებმა მოიტაცეს და სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს, სადაც იგი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა შეიძინა. პატრიარქთან ანდრიამ 23 წელი გაატარა და სავარაუდოდ აქვე ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი – ანთიმოზი. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი მან თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. მოკლე ხანში აითვისა საღმვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, ფილოსოფია, რიტორიკა, ხელოვნება; სრულყოფილად დაეუფლა ბერძნულ, არაბულ და თურქულ ენებს. გამოამჟღავნა იშვიათი უნარი ძერწვისა, ქვასა და ხეზე კვეთისა, ოქრომჭედლობისა, მხატვრობისა, კალიგრაფიისა, ხუროთმოძღვრებისა და სასტამბო ხელოვნებისა. ანთიმოზი პატრიარქის თანაშემწე იყო და წერილების შედგენასა და თარგმნაში ეხმარებოდა. 40 წლის სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი ანთიმოზი ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ, რუმინელთა დიდმა მოღვაწემ, სტამბოლიდან ბუქარესტში წაიყვანა. რუმინული და საეკლესიო სლავური მან სწორედ მაშინ ისწავლა. ანთიმოზმა 1691 წელს ბუქარესტში სტამბა დააარსა და იმავე წელს ძველბერძნულიდან ახალ ბერძნულ ენაზე გადმოთარგმნილი პირველი წიგნი „შეგონებანი ბასილი მაკედონელისა თავისი ძის ლეონისადმი” დაბეჭდა. მალე „ბერძნულ-რუმინული ლიტურგია” და „ფსალმუნიც” გამოსცა გრავიურებითა და სათანადო გაფორმებით. ანთიმოზი ყველგან და ყველაფერში ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ „ძირით ქართველი” იყო. მან შეძლო მართლმადიდებლობის ცენტრად გადაექცია ვლახეთი, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით ამარაგებდა. 1694 წელს ანთიმოზი სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მან აქ ნახევრად დანგრეული მონასტერი აღადგინა და საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. დაიწყო სხვადასხვა ენებზე წიგნების ბეჭდვა, ტოპოგრაფიული სკოლაც კი გაიხსნა. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა”. მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი – მიხეილ იშტვანოვიჩი. ანთიმოზს ადგილობრივთა შორის მოშურნე ადამიანი გამოუჩნდა, რომლის ბოროტი ენის გამო თავს დაატყდა მთავარ ბრინკოვიანუს რისხვა. ანთიმოზმა ვლახეთის მმართველს წერილი გაუგზავნა, თავისი უდანაშაულობა აუხსნა და სნაგოვო დატოვა. ბრინკოვიანუ მალე გაერკვა სიმართლეში და შემოირიგა ნიჭიერი ქართველი. 1705 წელს ანთიმოზი რიმნიკის ეპისკოპოსად აკურთხეს. მან, პირველ რიგში, აქაც სტამბა გახსნა. იმ დროს მართლმადიდებლურ რუმინეთში საეკლესიო მსახურება ბერძნულ ან სლავურ ენაზე აღესრულებოდა. ეს კი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის პრობლემას წარმოადგენდა უცხო ენათა უცოდინრობის გამო. ღირსი მამა ბრძანებდა: „მე მირჩევია ეკლესიებში ითქვას მხოლოდ ხუთიოდე სიტყვა იმ ენებზე, რომელიც ყველასათვის გასაგები იქნება, ვიდრე წარმოითქვას ოციათასი სიტყვა მსმენელისათვის გაუგებარ ენაზე”. ანთიმოზმა ითავა და აღასრულა კიდეც დიდი ჩანაფიქრი – მისი ხელმძღვანელობით ითარგმნა და დაიბეჭდა სასულიერო წიგნები რუმინულ ენაზე, რის შემდეგაც რუმინელებს საშუალება მიეცათ საეკლესიო მსახურება მშობლიურ ენაზე ჩაეტარებინათ. 1708 წელს ანთიმოზ ივერიელი გახდა ვლახეთ-რუმინეთის ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი და ხელმძღვანელი – მიტროპოლიტი, რაც მთელი ქვეყნისათვის უდიდესი ბედნიერება იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: „მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბრძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად”. წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა” მონასტერი ქ. ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მან ტიპიკონიც შეუდგინა მონასტერს და ბერძნული ეკლესიისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა. მიტროპოლიტად დადგინების დღიდან ანთიმოზმა დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო ვლახი ხალხის განთავისუფლებისათვის უცხოელ დამპყრობთა ჩაგვრისაგან. პირველსავე დღეს მრევლის წინაშე წარმდგარმა ანთიმოზმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: „მართლმადიდებლობა თქვენ შეინარჩუნეთ წმიდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით აურაცხელ გასაჭირსა და უბედურებას, რაც ყოველთვის გამომდინარეობს იმათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე. თუმცა მე ვიყავი უღირსი და უმცროსი სხვათა შორის, ვითარცა დავითი იყო უმცროსი თავის ძმებს შორის, ღმერთმა არ შეხედა ჩემს სიღარიბეს და უცხოელობას. დაე, თქვენთან ერთად მე თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს ჩვენ დრო და ჟამი.” ანთიმოზის სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1711 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. ივერიელმა ორივე სამშობლოს (საქართველოსა და რუმინეთის) დამმონებელი და იავარმქმნელი თურქების მხარეზე დგომას რუსული ორიენტაციის არჩევა ამჯობინა და რუმინელთა მეთაურებს ერთმორწმუნე რუსეთის მეფესთან პეტრე I-თან კავშირისკენ მოუწოდა. პრუტზე გამართული ბრძოლის დროს ანთიმოზ ივერიელმა რუმინელი სარდალი თომა კუზინო დაარწმუნა თავისი ჯარით რუსთა მხარეზე გადასულიყო. ბრინკოვიანუს ამ ომში თურქთა მხარე ეჭირა, ამიტომ ის წმიდანის ქმედებამ კვლავ განარისხა. მთავარს ავის მოსურნენიც შეუჩნდნენ და დიდი გავლენის მქონე მიტროპოლიტის მოშორებისკენ მოუწოდებდნენ. ბრინკოვიანუმ ანთიმოზს კაცი გაუგზავნა და ნებით გადადგომა ურჩია. მას შემდეგი ბრალდებები წაუყენეს – „მთავრის ინტერესთა ღალატი” და „უცხოური წარმომავლობა”. ისევ იმართლა თავი ანთიმოზმა მთავრის წინაშე, მაგრამ თანამდებობიდან გადადგომა მაინც ითხოვა. ვლახეთის მთავარი ამჯერადაც გონს მოეგო. თურქებმა, როგორც ჩანს, არ დაუფასეს ერთგულება ბრინკოვიანუს და მალე სიკვდილით დასაჯეს. მთავრად კი მათი ერთგული მონა _ ნიკოლო მავრიკორდატი დანიშნეს. როდესაც თურქეთ-ავსტრიის ომი დაიწყო, ანთიმოზმა კვლავ ანტითურქული პოზოცია დაიკავა. თავის გარშემო ვლახელ ბოიართა ჯგუფი შემოიკრიბა. მათი მიზანი იყო, ვლახეთი როგორც თურქთა, ისე ფანარიოტთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინათ. ამ დროს ნიკოლო მავროკორდატიმ ანთიმოზს უბრძანა, მიტროპოლიტობაზე ნებაყოფლობით უარი ეთქვა. ანთიმოზმა კატეგორიული უარი შეუთვალა. მაშინ მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართა. ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არცერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, „შეთქმული და რევოლუციისაკენ წამქეზებელი მეამბოხე” ანთიმოზი შეაჩვენა, ეკლესიიდან განკვეთა და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო „ღირსებაახდილად”, მაგრამ ეს მავრიკორდატისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. გადაწყვიტა, წმიდანი ვლახეთიდან მოეშორებინა და მიზანს მიაღწია კიდეც. ანთიმოზი საბოლოოდ სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში გააძევეს. ქალაქიდან შუაღამისას გაიყვანეს, რადგან მოსახლეობის მღელვარების შეეშინდათ. ბორკილები დაადეს, საბარგულზე ნივთივით დააგდეს და მცველებით გარშემორტყმული სამხრეთში გაგზავნეს. თუმცა ანთიმოზს სინას მთამდე არც მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე, თურქმა იანიჩარებმა ხმლებით დაჩეხეს, ასო-ასო აკუწეს და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ეს მოხდა 1716 წლის 14 სექტემბერს. რუმინეთში 25 წლიანი მოღვაწეობისას ანთიმოზ ივერიელმა დააარსა 4 სტამბა და დაბეჭდა 64 წიგნი. მისი უშუალო ხელშეწყობით სტამბა დაარსდა ალეპოშიც (სირია). განუზომელია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაშიც. სამშობლოს მონატრებულმა ანთიმოზმა მართლაც რომ თავი გადასდო ამ საქმისათვის. მან ვახტანგ VI-ს სტამბის გამართვისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა გაუგზავნა. აახლა ასოთამწყობი მიხაილ იშტვანოვიჩი, შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი და მალე პირველი წიგნიც დაიბეჭდა. ეს იყო „სახარება”. სულ ამ სტამბაში 1709-1722 წლებში 19 დასახელების წიგნი დაიბეჭდა, მათ შორის იყო „ვეფხისტყაოსანი” ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით. ბოლო წიგნი, რომელიც აქ დაიბეჭდა, „ჟამნი” გახლდათ. 1722 წელს სტამბამ არსებობა შეწყვიტა. წიგნების ბეჭდვისა და გამოცემის ხარისხი ისეთივე იყო, როგორც იმ პერიოდის ევროპულ სტამბებში დაბეჭდილი წიგნებისა. ამ სტამბაში დაოსტატდნენ შემდეგში ცნობილი მოღვაწეები: ნ. ორბელიანი (ნ. თბილელი) – სულხან-საბა ორბელიანის ძმა, გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვ. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე დააწესა. საქართველოსეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.